უჩმანის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა
20-04-2022
ნინოწმინის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, ქართული ენის მასწავლებლების მარიამ ჯვარიძის, ჟენია თუმასიანის, მალვინა ამირხანიანისა და არმენ ანტანოსიანის ორგანიზებით, ქართული ენის კვირეული გაიმართა. მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მეთორმეტე კლასის მოსწავლე სარმატ ჰაროსიანმა გაიმარჯვა. უჩვენეს ფილმი „თავისუფლების მწერლები“ და დისკუსია გამართეს. ასევე, მოსწავლეებმა თემატური პლაკატები დაამზადეს. 

დასკვნით ღონისძიებაზე კი დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სპექტაკლები „წითელქუდა„ და „რწყილი და ჭიანჭველა“ წარადგინეს. მათ, ასევე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და პრეზენტაცია წარმოადგინეს. 
 
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მანუშაკ ხაჩატრიანმა აუდიტორიას სიტყვით ქართულ ენაზე მიმართა, აღნიშნა სახელმწიფო ენის მნიშვნელობა და ქართული ენის დღე ყველას მიულოცა.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203