
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ქართული ენის დაცვის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს. ბავშვებმა წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს საინტერესო აქტივობები, პატივი მიაგეს ქართული ენის ღირსეულ მცველებს და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ამ განძს გაფრთხილება სჭირდება.
ესაა კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ენის სწავლებას, საგაკვეთილო პროცესიც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში.