თაობების საყვარელი მასწავლებელი წეროვნის N3 საჯარო სკოლიდან - მარიამ გიგაურს დედაენის დღე განათლების მინისტრმა პირადად მიულოცა
19-04-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროს მასწავლებელ მარიამ გიგაურს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დედაენის დღე პირადად მიულოცა. 

მარიამ გიგაური ახალგორიდან დევნილია. მას მინისტრი შინ, წეროვნის დევნილთა დასახლებაში ეწვია. 

პედაგოგი აგვისტოს ომამდე ახალგორის N1 სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 2009 წლიდან კი წეროვნის N3 საჯარო სკოლაში მუშაობს. ის ქსნისა და ლიახვის ხეობიდან დევნილ მოსწავლეებს ასწავლის.

Etaloni.ge პედაგოგ მარიამ გიგაურსა და სკოლის დირექტორ ირმა ტატიშვილს დაუკავშირდა, რათა მასწავლებლის შესახებ მეტი გაგვეგო.

როგორც თავად მარიამ გიგაური ამბობს, დევნილ მოსწავლეებთან მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს. თავდაპირველად ახალ სკოლაში მუშაობა რთული იყო, რადგან აგვისტოს ომის კვალი ყველას ეტყობოდა, მოსწავლეები გარემოს ვერ ეგუებოდნენ.

„თავიდან, მუშაობა, რა თქმა უნდა, რთული იყო. მოსწავლეები ვერ ეგუებოდნენ ერთმანეთს, ხშირად ჩხუბობდნენ კიდეც. ვერ ხვდებოდნენ, დიდი საერთო პრობლემა რომ ჰქონდათ, მერე ნელ-ნელა ერთმანეთს შეეჩვინენ და ახლა ძალიან მეგობრობენ. ხშირად ვაწერინებდი ხოლმე, რას ფიქრობდნენ და რა უნდოდათ. ძალიან კარგად ხვდებოდნენ, ყველაფერს, რაც მათ თავს მოხდა. რაც უნდა დაგვეწერა ამ თემის ირგვლივ, ყოველთვის იმით ამთავრებდნენ, რომ მშობლიურ კუთხეში აუცილებლად დაბრუნდებოდნენ. ამის სჯეროდათ და ახლაც სჯერათ. რაც შეეხება დედაენის დღეს, მას სკოლაში ყოველ წელს აღვნიშნავთ, ბავშვები ცნობილი პოეტების ლექსებსა და ჩანაწერებს დიდი სიყვარულით კითხულობენ. მთავარია, რომ დედაენა უყვართ და სწავლობენ“,- ამბობს მარიამ გიგაური.

წეროვნის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ტატიშვილი ამბობს, მარიამ გიგაური პატივსაცემი კოლეგა და მოსწავლეების საყვარელი მასწავლებელია

„ქალბატონი მარიამ გიგაური ჩვენს სკოლაში დაფუძნებიდან მუშაობს. მანამდე ახალგორის N1 საჯარო სკოლაში მუშაობდა. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. წლების წინ ის მცხეთა-მთიანეთის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა. მან მთელი თავისი ცხოვრება სკოლასა და მოსწავლეებს შეალია. არაჩვეულებრი ადამიანია, პატივსაცემი კოლეგა, კარგი დედა და ბებია. თაობების საყვარელი მასწავლებელია“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

იხილეთ ფოტო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203