„ო ენავ ჩემო, დედაო ენავ“ - ცაგერის მუნიციპალიტეტის ლასურიაშის საჯარო სკოლაში 14 აპრილს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით: მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ქართული ენის დღის დაარსების ისტორიასა და მნიშვნელობაზე. ასევე ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: „რა? სად? როდის?“
ლასურიაშის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა, როდესაც საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა და საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, პროტესტი 60-ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა, საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.
იხილეთ ფოტოები: