
ვანის მუნიციპალიტეტის, ძულუხის სკოლის მოსწავლეებმა, უსაყვარლესი პედაგოგების დახმარებით, დედაენის დღესთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაატარეს, მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია, მშობლიურ ენას ლექსები მიუძღვნეს და კიდევ ერთხელ იმოგზაურეს ისტორიულ ლაბირინთებში.
ზოგადად, ვანის მუნიციპალიტეტის, ძულუხის საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში..
14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა, როდესაც საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა და საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, პროტესტი 60-ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა, საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.