„ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი...“ - სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში 9 აპრილს მიძღვნილი ღონისძიება მერაბ კოსტავას სიტყვებით დაიწყო
15-04-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის X 1 კლასის მოსწავლეებმა  კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილს მომხდარი მოვლენები, ღონისძიება კი მერაბ კოსტავას სიტყვებით დაიწყეს: „ძმანო და დანო, საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვისა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი“... ბავშებმა ისაუბრეს 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ, მიაგეს პატივი დაღუპული გმირების ხსოვნას.

33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოთხოვნით  რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, მაგრამ მშვიდობიანი აქცია, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს.  თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები დაესხნენ თავს. აქციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი სხვადასხვა სახის ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მოქალაქე. 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203