„ჩვენმა ღირსეულმა წინამორბედებმა შეგვინარჩუნეს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი“- ძირულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.ამჯერად, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს.
„1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა საზოგადოებამ, ჩვენმა ღირსეულმა წინამორბედებმა შეგვინარჩუნეს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ჩვენმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ პატივი მიაგონ დედაენის დიდ სიყვარულს. „დედაენა“ ხომ ყოველი ჩვენგანის პირველი წიგნია. ეს არის ის განძი, რომელიც ქართველ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება. ჩვენმა ბავშვებმა კი მცირე წვლილი შეიტანეს ამ ლამაზი დღის აღნიშვნაში“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: