„ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია ძალიან მიმზიდველია“-გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი
განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორს ჰაიასტან მოვსესიანს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?- მე, როგორც სკოლის დირექტორი ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესიის არჩევა ძალიან მიმზიდველია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებს და ახალ მეთოდებს უფრო მეტად ეუფლებიან.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?- განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი არის, განსაკუთრებით კი ხელოვნების და მუსიკის დარგში.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?- მე საერთოდ, მასწავლებლების გამოცდების მომხრე არ ვარ და იცით რატომ? რადგან, განსხვავება უხერხულია, ორივე შედის კლასში, მაგრამ ერთის ხელფასი სხვა არის, მეორის - სხვა. ვისაც უფროსის ან წამყვანის სტატუსი აქვს, ისინი რა, მეტს აძლევენ მოსწავლეებს? აი. ეს არის მთავარი კითხვა.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?- საგანგებო სიტუაციაში დისტანციური სწავლების მეთოდი ნორმალურია, მაგრამ ხარისხი საერთოდ არ აქვს.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?- პანდემიის წინ არ ვიცოდით რა არის დისტანციური სწავლება; პანდემიამ გვასწავლა, რომ საგანგებო სიტუაციაშიც შეიძლება მუშაობა.