
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ლიჩის საჯარო სკოლაში, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სასკოლო აქტივობა ჩაატარეს, შექმნეს ნახატები და კიდევ ერთხელ იმოგზაურეს არცთუ შორეული ისტორიის ლაბირინთებში.
ამ დღეს, ლიჩის საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები და პატივი მიაგეს საბჭოთა ჯარების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მომიტინგეების ხსოვნას!
2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, დესანტის 8 საბრძოლო მანქანა, 4 სახანძრო მანქანა და 2 სანიტარული ავტომობილი 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.