„უსმინე ბავშვს, მისი ტირილი ბომბზე დიდია..“- ბეშთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგმა უკრაინელ ბავშვებს ლექსი მიუძღვნა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ციალა ფუტკარაძემ უკრაინელი ბავშვებისადმი სოლიდარობის გამოსახატად ემოციური ლექსი დაწერა, რომელსაც
etaloni.ge გთავაზობთ:
„ვერ გაიმარჯვებ!
თუ ჩაუსახლდა ადამიანს სატანა გულში,
გადაიქცევა დიდ ურჩხულად, საშიშ არსებად.
ნუთუ, არ ესმის მას ტირილი პატარა ბავშვის,
ჩანთით ხელში, რომ უგზო-უკვლოდ დაეხეტება.
ნუთუ, არ გესმით! მისი ტირილი ბომბზე დიდია,
მთელი მსოფლიოს გულები რომ გაანადგურა,
მისმა ცრემლებმა დაგამარცხა, ვერ გაიმარჯვებ!
ვერ იზეიმებ გამარჯვებას,რადგან ფლიდია
ათი ათასი კაცის გადევს ცოდვა,- მძიმეა,
ვერ ჩამოირეცხ იმ სისხლს, რადგან ლაქა დაგრჩება,
მილიონობით უსახლკარო ადამიანის
მიზეზი რომ ხარ, ყველას კარგად ემახსოვრება.
უსმინე ბავშვს, მისი ტირილი ბომბზე დიდია,
ვერ იზეიმებ გამარჯვებას, რადგან ფლიდია.
შენ, რომ სატანავ! ეს ქვეყანა ფეხზე გკიდია,
ნუ ერკინები, ცას შეხედე, შენზე დიდია“.