„ვცდილობ სკოლაში შევქმნა გარემო, სადაც მასწავლებელს ბოლომდე რეალიზების სურვილი ექნება“ - ივანე თურქიაშვილი, ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი
21-02-2022
რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი ივანე თურქიაშვილი პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ადამიანი რთული ფენომენია და ბევრი „უმთავრესი“ აქვს. ახლა, რასაც სპონტანურად გამოვყოფდი, სურვილი მაქვს მოსწავლეში გავაღვივო შემეცნების წყურვილი და დავაინტერესო „სწავლის სწავლით.“

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- იდეალური მოსწავლე, ალბათ იდეალურ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- გარემო, სადაც მასწავლებელს ბოლომდე რეალიზების სურვილი ექნება. მოსწავლე კი ყოველდღე სიხარულით წამოვა სკოლაში იმ იმედით, რომ მასწავლებლებისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
-„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“...  (ეს ხუმრობით) მაგრამ მაინც მიხარია, რომ მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი გააზრებით, იმედებით და იმედისმომცემად შემოდიან.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- ეგოისტური სურვილების და სუბიექტური შეფასების გვერდით, ნაკლებად ხშირად, მაგრამ მაინც მესმის, ეგოს „მარწუხებიდან“ თავისუფალი,  საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული მოსაზრებები და ობიექტური შეფასებები.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- დღევანდელი პრობლემებიდან თავის დაღწევის მრავალი ვარიანტიდან კონკრეტულად ერთის გამოყოფა ძნელია.

პათეტიკური ზოგადი ბუნდოვანებით თუ ვიტყვით, საჭიროა „გუშინდელი“ გამოცდილების გათვალისწინებით შევქმნათ და ვუპატრონოთ „დღევანდელობას“,  თან უკეთეს „ხვალინდელზე“ ვიოცნებოთ

- იმედი მაქვს, რომ. . .
- რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემ ბლიც-ინტერვიუში პოზიტივი და ოპტიმიზმი უფრო ჭარბი იქნება და „იდეალური მოსწავლის“ კონტურებიც გამოიკვეთება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203