წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკა წიგნებითა და სამაგიდო თამაშებით გაამდიდრეს.ბავშვებმა ბიბლიოთეკისთვის 850 ლარის ღირებულების წიგნები და სამაგიდო თამაშები შეიძინეს. აღნიშნულში დახმარება ორგანიზაცია მეგობრობის ხიდმა - „ქართლოსმა“ გასწია, რომელმაც მოსწავლეების: კახი კახაძისა და ზაზა ადაძის იდეა დააფინანსა.
პროექტის ფარგლებში ისეთი თამაშები შეიძინეს, რომლებიც სხვადასხვა აუცილებელი უნარების განვითარებაში ეხმარება:
- თამაში „ჩუ“ - ჟესტური ენის შესწავლას უწყობს ხელს;
- თამაში „ერთი ერთში“ - უსინათლოთა მიმართ ემპათიის უნარის განვითარებას უწყობს ხელს;
- თამაში „SDJ“ - მდგრადი განვითარების მიზნების დამახსოვრებასა და მეხსიერების განვითარებას უწყობს ხელს;
- თამაში „ინოვატორი“ - სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.
სკოლა აღნიშნულთან დაკავშირებით მადლობის წერილსა და დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:
„მადლობა, სალომე ციკვაძეს სოციალურ საწარმო „ჩუ“-ს თამაშებისთვის: „SDJ“, „ჩუ“ და „ერთი-ერთში“. პროექტი დაფინანსებულია საგრანტო პროგრამის „MEET UP! ახალგაზრდობა პარტნიორობისთვის“ ხსოვნის, პასუხისმგებლობისა და მომავლის (EVZ) ფონდისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ“, - აღნიშნულია წერილში.
იხილეთ ფოტოები: