
როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი ესაუბრა.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- მოქალაქეთა პასუხისმგებლობას, ვალდებულებებს, უფლებებს, საგნით დაინტერესებას, მოტივაციის ამაღლებას, ურთიერთ და უფროსებისადმი პატივისცემას. მიღებული ცოდნის გამოყენებას ცხოვრებაში.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- უნდა იყოს კარგად აღზრდილი, რაც მარტო პედაგოგზე არ არის დამოკიდებული, მეგობრული, კომუნიკაბელური, უყვარდეს კითხვა, იყოს ყველა საგანში გათვითცნობიერებული.
- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...
- უსაფრთხო, სასიამოვნო გარემო. მოსწავლეს და პედაგოგს უნდა უხაროდეთ სკოლაში მოსვლა და რაც მთავარია, მოსწავლეებს უნდა ავუმაღლოთ სწავლისადმი მოტივაცია, ხოლო პედაგოგებს შევუქმნათ კონკურენტუნარიანი გარემო, ამ მიზნით გამოვიყებ სხვადასხვა სახის წახალისებას.
- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...
- მყავს ენერგიული, საგნის კარგი მცოდნე, მოტივირებული პედაგოგები. ცდილობენ, შეძლებისდაგვარად, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში. მეორე წელია ჩართულნი ვართ „ახალი სკოლის მოდელში“. გასულ წელს წარმატებით დავასრულეთ პროექტი „გარემოს დაცვა“. წელს ჩვენი პროექტია - ,„კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - ქვათა ღაღადი“, სადაც ჩართულნი არიან პედაგოგთა უმეტესობა, ასევე, მე-7 - მე-11 კლასის მოსწავლეები. საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით.. მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან პროექტით. ივნისის თვეში სრულად დავასრულებთ პროექტს.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- კარგი იქნება თუ არ იქნება დისტანციური სწავლება, ვინაიდან მოსწავლეები უკეთეს ცოდნას იღებენ დასწრებულ რეჟიმში.
- დღევანდელობაში საჭიროა...
- მშობლებთან, თემთან, საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტი. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ სკოლა, მშობლები და საზოგადოება ერთი მთლიანი ორგანიზმია და ერთობლივად უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს.
- იმედი მაქვს, რომ...
- ჩვენი სკოლა ყოველთვის იყო ერთ-ერთი წარმატებული სკოლა რაიონში და ამ სასწავლო წელსაც წარმატებით დავასრულებთ. იმედია, განათლების სისტემა უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება, ასევე დასრულდება პანდემია და სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს.