„იმედი მაქვს, ხელფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდება“ - ნარგიზ ხორგუანი, მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი
02-12-2021

სკოლების ადმინისტრაციის თანაშრომელთა ხელფასების ზრდის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგელბში გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის განათლების ბიუჯეტში აღნიშნული კატეგორიისთვის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდაა გათვალისწინებული.

Etaloni.ge ხელფასების დაგეგმილ ზრდასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.

საკმარისია თუ არა ხელფასების 10 პროცენტით გაზრდა და რას ფიქრობს საკითხთან დაკავშირებით? - ამ კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლის დირექტორმა ნარგიზ ხორგუანმა უპასუხა:

„ამდენი წელი ისე გავიდა, რომ სკოლების ადმინისტრაციები არავის გახსენებია, იზრდებოდა მასწავლებლების ხელფასები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უყურადღებოდ ვრჩებოდით. შეიძლება ის 10 პროცენტიც უმნიშვნელოა, თუ შევხედავთ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას და ასევე თუ გავითვალისწინებთ, რომ პასუხისმგებლობა, შრომა და მოვალეობები იზრდება, მაგრამ კარგია რომ ყინული დაიძრა. იმედი მაქვს, რომ ეს ზრდაც მომავალში გაგრძელდება.“

10 პროცენტით გაზრდილ ხელფასებს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, 1-ელი იანვრიდან მიიღებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203