„ადმინისტრაციის თანამშრომელთა პასუხისმგებლობები იზრდება, შესაბამისად ეს ანაზღაურებაზეც უნდა აისახოს“ -ილარიონ ლაბაძე, რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი
02-12-2021

სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასების ზრდის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის განათლების ბიუჯეტში აღნიშნული კატეგორიისთვის ხელფასების 10- პროცენტიანი ზრდაა გათვალისწინებული.

Etaloni.ge ხელფასების დაგეგმილ ზრდასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.

საკმარისია თუ არა ხელფასების 10 პროცენტით გაზრდა და რას ფიქრობს საკითხთან დაკავშირებით? - ამ კითხვებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლის დირექტორმა ილარიონ ლაბაძემ უპასუხა:

„ნამდვილად მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მასწავლებლებს იცით, რომ თითქმის ყოველ წელს ეზრდებათ ხელფასი და ვფიქრობ სკოლის ადმინისტრაციაც არ უნდა იყოს გამონაკლისი, რადგან უმნიშვნელოვანესი რგოლია სასკოლო ცხოვრებაში. პასუხისმგებლობები იზრდება და შესაბამისად ეს ანაზღაურებაზეც უნდა აისახოს. ესეც რომ არ იყოს, სოციალურ გარემოს თუ შევხედავთ, ყველაფრის ფასი იზრდება, ასე ვთქვათ ცხოვრება ძვირდება, ამიტომ კარგი გადაწყვეტილებაა. შეიძლება ზოგმა ისიც თქვა, რომ 10 პროცენტი ძალიან ცოტაა, მაგრამ მთავარია, რომ დაიწყო ეს პროცესი და მომავალშიც იმედი გვაქვს გაგრძელდება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203