„ველით ჩვენს ბაღში იდეებითა და ენთუზიაზმით სავსე სტუმრებს“ - მარნეულის N2 საჯარო სკოლაში განათლების ბაღი მოეწყო
„დაუღალავი შრომის, გულწრფელი მონდომების, უპირობო ენთუზიაზმისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგი" - ასე გამოიყურება დღეს მარნეულის N2 საჯარო სკოლის უკანა ეზო - განათლების ბაღი.
განათლების ბაღის მოწყობის იდეა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს თემურ სუყაშვილს ეკუთვნის. მან ერთ გუნდად შეკრა სასკოლო თემი, რის შედეგად, ერთი შეხედვით არარეალური იდეა, რეალობად იქცა.
განათლების ბაღის კეთილმოწყობაში უდიდესი წვლილი სკოლის დირექციას მიუძღვის. ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საღებავების შეძენა და თანამონაწილეობა ფანჩანტურის მშენებლობაში.
ბაღის კონცეფციამ რუსთავის ინოვაციების ჰაბის კონკურსში - „იდეიდან წარმატებამდე“, გაიმარჯვა რის შემდეგაც დაიდგა ფანჩატური, დაიგო ხელოვნური საფარი და მოხერხდა ხმის გამაძლიერებლის შესყიდვა.
იდეამ „ორბელიანი მეტის“ პლატფორმაზე დამატებით 740 ლარის მოგროვება შეძლო, რომელიც ასევე ბაღის კეთილმოწყობაში იხარჯება.
ბაღი სხვადასხვა ღონისძიებებს, ღია გაკვეთილებს და არაფორმალური განათლების აქტივობებს უმასპინძლებს:
„ველით ჩვენს ბაღში იდეებითა და ენთუზიაზმით სავსე სტუმრებს. გვაქვს იმედი, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები ყველა შესაძლო საშუალებით მხარს დაუჭერენ ბაღის კონცეფციის დახვეწასა და განვითარებას!“,- ნათქვამია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.