
18 ოქტომბერს, მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, ეკატერინე ქარდავას, პედაგოგებს და მოსწავლე-ახალგაზრდებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ფიფია და წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ილია სარია შეხვდნენ.
მათ სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ახალგაზრდული ცენტრის საგანმანათლებლო სტრატეგიული განვითარების გეგმა. ისაუბრეს თანამშრომლობით საორგანიზაციო საკითხებზე.
სამოქმედო პროგრამა ემყარება: საქართველოს განათლების სისტემის ეროვნულ სასწავლო გეგმას, საქართველოს კანონმდებლობას, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა სამოქალაქო აქტებს.
მუშაობის მიზანია:
ა) ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და საკაცობრიო იდეალების განვითარება.
ბ) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმაციის კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება.
გ) ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
დ) თავისუფალი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველკვირეული შეხვედრა მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებთან.
იხილეთ ფოტოები: