„დაე, ღირსეულად გეტარებინოთ მეორესკოლელის საპატიო წოდება“ - სენაკის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს მიმართავს
04-10-2021

ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა მოსწავლეებისათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად თავდაუზოგავად იშრომა.

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს მიმართავს და სწავლის სკოლაში განახლებასთან დაკავშირებით მისალოც წერილს ავრცელებს:

„კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ამჯერად ჩვეულ გარემოში - სასკოლო სივრცეში, რასაც ასე მოუთმენლად ველოდით როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები და მათი მშობლები. ყველას დიდი სურვილია, ერთობლივი შრომით ნაყოფიერი და დიდი წარმატების მომტანი წელი დაგვიდგეს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ პირველკლასელები დღეს პირველად გადმოაბიჯებენ სკოლის ზღურბლს, მორიდებითა და ინტერესით გაუღიმებენ პირველ მასწავლებლებს, რომლებიც გულში ჩაიკრავენ და სამომავლო გზას დაულოცავენ პატარებს. ბედნიერი იყოს მათთვის რთულ ცხოვრებისეულ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა, ესაა გზა ცოდნის მწვერვალებისკენ, ამ ცოდნით უნდა დაფრთიანდნენ, ემსახურონ ქვეყანას და ისეთივე ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ, როგორც დიდმა ცოტნემ და ჟიულიმ. დაე, ღირსეულად გეტარებინოთ მეორესკოლელის საპატიო წოდება“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203