ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალში წარსდგა
29-09-2021

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალში მონაწილეობდა. კონკურსის ფარგლებში ეკოკლუბმა არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელა.

28 სექტემბერს, მწვანე მომხმარებლის მსოფლიო დღეს, ფინალის მონაწილე 30 სკოლის ეკოკლუბებმა ჟიურის წევრებსა და მიწვეულ სტუმრებს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობები წარუდგინეს. შეხვედრაზე ეკოკლუბებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა თომას მიულმანმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა და FAO-ს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა, მიხეილ სოხაძემ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის პარტნიორების მიერ რჩეული ეკოკლუბები დასახელდნენ და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ​. FAO-ს ადგილობრივი ოფისის რჩეული ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა გახდა; სკოლას პრიზად პროექტორი გადაეცემა, ხოლო ეკოკლუბის თითოეული წევრს - სმარტფონი.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს CENN-ის მიერ დაარსდა, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203