„ვეთანხმები პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყების გადადების საკითხს“ - ეკა ჩაბაიძე, სიონის საჯარო სკოლის დირექტორი
21-09-2021
რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე გვესაუბრა. 

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში ახალი სასწავლო წელი ? ზოგადად, რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ?

- ჩვენს სკოლაში ახალი სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში განახლდა, ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის თვიდან სწავლას საკლასო ოთახებში დავიწყებთ. რაც შეეხება 2021-2022 სასწავლო წელს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის, სკოლაში დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელშიც ყველა საფეხურის მოსწავლეები არიან ჩართულები.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით?

- მიველასმები, პირადად, ყველა სიახლეს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უმეტესად  სკოლებში ცუდი ინტერნეტია, რაც ქმნის პრობლემებს, პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს ინტერნეტის საკითხი.
 
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- აცრასთან დაკავშირებით თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მოგვცენ მასწავლებლებს. ჩვენი სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს ყველას გადატანილი გვაქვს ვირუსი.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყების გადადება დასწრებით ფორმატში განახლების მიზნით ?

- ვეთანხმები პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყების გადადების საკითხს. მოსწავლეები, ხომ პირველად შემოაღებენ სკოლის კარს, ეს  დღე კი მათთვის საინტერესო და სასიამოვნოდ აღსაქმელი მოვლენა უნდა იყოს.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- ჩვენი სკოლის ორმა მასწავლებელმა დაადასტურა კომპეტენცია, სამწუხაროდ რამდენიმემ  ვირუსის გამო ვერ შეძლო გამოცდებზე გასვლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203