კახაბერ გვანცელაძე: „სამი საბავშვო ბაღი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და მათი ფუნქციონირება შეუძლებელია“
25-01-2018
თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი კახაბერ გვანცელაძე განმარტავს, რომ ამის მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაა.


- ბატონო კახაბერ, რატომ შეაჩერეთ სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი?

- პერმანენტულად მიმდინარეობს შენობების კონსტრუქციული მდგრადობის მონიტორინგი. ამაში ჩვენს ექსპერტებთან ერთად ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო.  გამოვლინდა, რომ  სამი საბავშვო ბაღი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და მათი ფუნქციონირება შეუძლებელია.

- სად იქნებიან გადანაწილებული აღნიშნული ბაღების აღსაზრდელები?

- ბავშვების გადაყვანა მოხდება სხვა ახლომდებარე ბაღებში. მათთვის სწავლა განახლდება ორშაბათიდან.

- 152 -ე ბაღის  პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები აღმოაჩნდა. გამოკვლევები ჩაუტარდა 28 აღსაზრდელსაც. ხომ არ არის რაიმე სიახლე?

- თვითონ საბავშვო ბაღს არ შეუწყვეტია მუშაობა, მხოლოდ იმ ჯგუფში შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, სადაც ეს  ქალბატონი მუშაობდა. როგორც ვიცი, პედაგოგს უტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები და შესაბამისი მკურნალობა.

- რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებში კვების ახალ რაციონთან დაკავშირებით. მშობლები ყოველდღიური მენიუთი უკმაყოფილოები იყვნენ.

- მინდა, მშობლები დავაიმედო, რომ ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უვნებელია ის საკვები პროდუქტი, რომელიც ბაღებში შედის. ჩვენ ვიცავთ რეგულაციას,  რეგლამენტს, რომელიც შემოღებულია 2017 წლის  ოქტომბერში და მიღებულ იქნა მთავრობის დადგენილებით. მენიუც და კვების რაციონიც სწორედ ამ რეგულაციების გათვალისწინებითაა შედგენილი.

- მართლა გეგმავთ ბაღებში შაბათ-კვირის სერვისების დამატებას?

- ეს არის მშობლების ინიციატივა. ასევე მათი ინიციატივაა, რომ სააღმზრდელო პროცესი საღამოს 20 საათამდე გახანგრძლივდეს. ეს კონცეფცია მუშავდება და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203