„მშობელი, შვილის სწავლის პროცესში უნდა მონაწილეობდეს“- ანაიდა ნახაპეტიანი, სხვილისის საჯარო სკოლის დირექტორი
მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლების სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს 2021-2022 სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლის დირექტორი, ანაიდა ნახაპეტიანი etaloni.ge-სთან საუბრობს.- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?- ვფიქრობ, როგორც შრომატევადი სასწავლო წელი გველის. განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ბევრი შრომაა აუცილებელი.
- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?- ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოება მოსწონია, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სკოლას ინტერნეტი მუდამ გამართულად მიეწოდებოდეს, რათა რაიმე სახის დაბრკოლება არ წარმოიშვას.
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?- აცრილია სკოლის მხოლოდ ერთი თანამშრომელი, დანარჩენი სკოლის პედაგოგები კი ვფიქრობთ, რომ არჩევანის თავისუფლება უნდა იყოს.
- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?- პირველკლასელების ოჯახებს ვურჩევდი, შვილები პირველ რიგში ტექნიკითა და ინტერნეტი უზრუნველყონ და მასწავლებლებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ. მშობელი, შვილის სწავლის პროცესში უნდა მონაწილეობდეს, ითვალისწინებდეს მასწავლებლის რეკომენდაციებს.
- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?- სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებლები გავიდნენ კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე, რის შედეგადაც მოიპოვებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. უფროსი მასწავლებლები კი დარეგისტრირებულები არიან შესაბამის ტრენინგებზე.