„არ შეიძლება პედაგოგი იყოს მენტორი ან წამყვანი, როცა საგნის გამოცდაში 1 კრედიტი აქვს მოპოვებული“-ბესარიონ სიხარულიძე, თბილისის N39 სკოლის დირექტორი
28-07-2021

რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება?, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორის ბესარიონ სიხარულიძის მოსაზრებებს გთავაზობთ. 

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი ცოტა დაგვიანებულია. შეიცვლება ურთიერთობა და დამოკიდებულება მოსწავლის ინტერესების სასიკეთოდ. სხვადასხვა სიტუაციებში მეტი ოპერატიულობა, პროფესიონალიზმი და დაცულობა შედარებით მაღალი იქნება.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- ვფიქრობ ეს აუცილებელია, სკოლებში უნდა ფუნქციონირებდეს კარგად გამართული სამედიცინო კაბინეტები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და აღჭურვილობით. ჩვენს სკოლაში ის წარმატებით ფუნქციონირებს.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- ეს დროული გადაწყვეტილებაა. რა საჭიროა ორჯერ მეტი დრო როდესაც მოსწავლე არ ცხადდება 45 დღე, ან და არ ერთვება დისტანციურ სწავლებაში. სკოლამ ამ შემთხვევაში დროულად უნდა იმოქმედოს შესაბამისად. შეიცვლება დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ მეტი პასუხისმგებლობით. უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- ამ საკითხზე მრავალი დისკუსია არსებობს. მიმაჩნია რომ ამ პრობლემის დაძლევაში მთელი სასკოლო საზოგადოება უნდა ჩაერთოს რასაც ორგანიზება თავისთავად სკოლამ უნდა გაუწიოს. ამ გამოწვევას სკოლები  ინდივიდუალურად სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით ებრძვიან. საჭიროა ერთიანი კოორდინაცია. მარტო მასწავლებელი ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- დიახ, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არ შეიძლება მასწავლებელი იყოს მენტორი ან წამყვანი, როცა საგნის გამოცდაში მხოლოდ 1 კრედიტი აქვს მოპოვებული. აქამდე სკოლაში შექმნილი შეფასების ჯგუფები მუშაობდნენ ამ მიმართულებით. შიდა მექანიზმებით წინსვლას თავისი დადებითი მხარე ჰქონდა. სკოლისადმი ძალიან დიდი ნდობა იყო გამოცხადებული. თუმცა ამ ეტაპზე მგონია, რომ ბევრ შემთხვევაში ბევრად უფრო ლოიალური იყო სკოლა. და სტატუსის ასამაღლებლად წარადგინა პედაგოგები, რომლებიც მას შეიძლება დიდად არ იმსახურებდნენ.

ამ შემთხვევაში უკვე იქნება გარე მექანიზმი, გამოცდა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მასწავლებელი რომელიც გახდება წამყვანი, მენტორი, ის აუცულებლად იქნება ხარისხის ნიშნის მატარებელი. სკოლას მოეხსნება შიდა შეფასების ტვირთი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203