კერძო სკოლა „ანაბასისი“ საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება
07-07-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი“. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.

ეროვნული ფესტივალიდან საერთაშორისო ფესტივალამდე! 2021 წლის 19 ივნისს, მეორე  ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ ონლაინ-ფორმატით წარიმართა, რომელზეც  სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბის მეურვემ,  ქიმიის პედაგოგმა  ქეთევან ედიბერიძემ, მკვლევართა კლუბის წევრებთან ერთად, განხორციელებული პროექტი „არა, პოლიეთილენს“ წარადგინა.

„საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად, ჟიურის გადაწყვეტილებით, შეირჩა ოთხი პროექტი სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც საქართველოს სახელით წარდგება საერთაშორისო ფესტივალზე პრაღაში 2022 წლის მარტში.  გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება მიექცა, რამდენად იყო პროექტში განხორციელებული კვლევა მოსწავლეთა მონაწილეობით.

ეს  პროექტებია:

•      საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პატარებისთვის - ელექტრობა ჩვენს ცხოვრებაში - ინგა შავაძე, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლა

•      მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომები საბუნებისმეტყველო განათლებაში - ქალაქის ყოფა ჩოვიდ-19 პანდემიის დროს, დანახული VI კლასის მოსწავლის თვალით, ინესა ბეჟანოვა, ქართული სასწავლებელი - თბილისი

•      შემოქმედებითი მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში - STEAM  - მცენარეული საღებავების გამოყენების ტრადიციები საქართველოში- მარინე ბაგალიშვილი,  სსიპ ქალაქ თბილისის #145 საჯარო სკოლა

•      საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის - არა პოლიეთილენს! ქეთევან ედიბერიძე, სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი

ვულოცავთ ქალბატონ ქეთევანს ამ დიდ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს! სასკოლო საზოგადოება ამაყობს ამ გამარჯვებით და ქალბატონ ქეთევანთან ერთად, რომელიც სკოლა „ანაბასისი“ დირექტორი გახლავთ, მადლობას უხდის ნორჩ მკვლევარებს - ხატია ჩიბურდანიძეს, ქეთათო ნებიერიძეს, ანა კვეტენაძეს, კესო კახნიაშვილს და ანა ჩუბინიძეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც სკოლამ გაავრცელა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203