ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისიდან, ყოველ წელს აღინიშნება და მას მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს - ეს დღე შეხსენებაა, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
ისტორია კი ბევრად ადრე - 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს? - ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.
3 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის N119 საჯარო სკოლაში მოეწყო კითხვის საათი! IV „ა“ კლასი მოსწავლეები, რომლთა პედაგოგი გახლავთ გულიკო ლაზვიაშვილი, შეხვდნენ საბავშვო მწერლებსა და პოეტებს: ნათია აბულაძეს, გივი ჩიღვინაძეს და ანასტასია(ანა) კალანდაძეს.
შეხვედრა მოეწყო ღია სივრცეში-ბავშვთა ქალაქ „მზიურში“. პოეტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, რითმოცანები, გამოცანები, რამაც ბავშვებში დაინტერესება გამოიწვია და აქტიურად ჩაერთნენ პროცესში, თვითონაც წაიკითხეს პოეტების ლექსები და გამოთქვეს ურთიერთდამეგობრების სურვილი.
ავტორებმა წიგნებით დაასაჩუქრეს ბავშვები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. პედაგოგ გულიკო ლაზვიაშვილს კი კლასისთვის სამახსოვროდ, გადაეცა წიგნები. შეხვედრამ საინტერესო ფორმატში ჩაიარა.