თბილისის N208 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
07-06-2021

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

ბოლო ზარი დაირეკა თბილისის N208 საჯარო სკოლაშიც, კურსდამთავრებულები კი დიდი სიყვარულით გააცილეს ცხოვრების ახალ ეტაპზე.

„ჩვენი მე-12 კლასელები, ფერადი წარწერებით, აჭრელებული თეთრი პერანგებით და წინსაფრებით... უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. წარმატებები, ბავშვებო!“ - აღნიშნულია თბილისის N208 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203