„თუ სკოლა მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში დაეხმარება, ამით დიდი ბიძგს მისცემს მათ“ - ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გორგიშელი
04-06-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა გორგიშელმა etaloni.ge-სთან არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. მათ შორის პანდემიიდან გამომდენარე სკოლებში არსებულ გამოწვევებზე, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და აბიტურიენტების სურვილებზე მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით.

- რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში და საერთოდ მთელ მსოფლიოში არსებული შემაშფოთებელი ვითარების გამო, რაც გამოიწვია პანდემიამ, შეიქმნა აუცილებლობა სწავლების ახალი მეთოდის დანერგვის. რა თქმა უნდა ადვილი არ იყო ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩენა და სწავლის დისტანციურად წარმართვა, თუმცა განათლების სამინისტროს, ადგილობრივი რესურსცენტრის, ჩვენი სკოლის მასწავლებელთა და მშობელთა ერთობლივმა მუშაობამ, სწრაფად გადაგვალახინა არსებული პრობლემები და დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წარმატებით გავართვით და ვართმევთ თავს ონლაინ სწავლებას.  უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ მე-2 სემესტრში სწავლება საკლასო ოთახებში განვაახლეთ და საბედნიეროდ ამ სასწავლო წელს ასე ვამთავრებთ.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- რაც შეეხება მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, განსაკუთრებით ასეთ პირობებში, ამ კუთხით მინდა მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ, ვინც გაგებით და პასუხისმგებლობით მოეკიდა აღნიშნულ საკითხს, გაითვალისწინეს რა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მიუხედავად ინტერნეტთან წვდომის, შესაფერისი ტექნიკისა და მასთან მუშაობის მცირე შესაძლებლობისა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- თუ სკოლა მოახერხებს და მოსწავლეებს პროფესიის არჩევანში დაეხმარება, ამით დიდი ბიძგს მისცემს მათ მომავალი ცხოვრების დაგეგმვაში. 21-ე საუკუნეში ადამიანებს სამსახურის საშოვნელად სულ უფრო მეტად სჭირდებათ კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება და ინოვაციურობა. სხვათა შორის, ამ თვისებების ნაკლებობას ყველგან განიცდიან.

სასურველია პროფესიის არჩევანი დაიწყოს მოსწავლის სურვილებში გარკვევით. ჩვენთან და დარწმუნებული ვარ ყველა სკოლაში ხდება ერთგვარი კითხვარის შევსება მოსწავლეებში. მაგ: „ვინ მინდა გამოვიდე“, „რას მინდა მივაღწიო არჩეული პროფესიით“, „რა სარგებელს მომიტანს მე და გერშემომყოფთ ჩემი პროფესია“; „მდიდარი რომ ვიყო, რას გავაკეთებდი“ და ა.შ.

მინდა გითხრათ, აღნიშნულ კითხვარში კარგად იკვეთება მოსწავლეების სურვილები. კონკრეტულად ჩვენს სკოლაში განსაკუთრებით აქტუალურია ვაჟებში - ფერმერობასთან და გოგონებში - კულინარიასთან  და ექთნობასთან დაკავშირებული პროფესიები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203