ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი გაბუნია სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა
31-05-2021
ქუთაისის N17 საჯარო სკოლა გამოირჩევა წარმატებული მოსწავლეების აღზრდით და ნამდვილად აქვს სიამაყის მიზეზი.
ამჯერად, გაგაცნობთ X კლასის მოსწავლის ნინი გაბუნიას წარმატების ისტორიას (დამრიგებელი: ნაირა გოტიაშვილი). მან მონაწილეობა მიიღო მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა ცნობილი ენათმეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 61-ე წლისთავს.
კონფერენციაზე ნინი გაბუნიამ წარმოადგინა მოხსენება: „იმერხეული ქართული, როგორც ქართველთა კულტურის საგანძური“. თემის ხელმძღვანელია თინათინ მილორავა - N17 სკოლის მასწავლებელი, აწსუ ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მკვლევარი.
ნინი გაბუნიამ მოხსენებაში წარმოადგინა იმერხეული მეტყველების ნიმუშები, რომლებიც ჩაწერილია 2006-2019 წლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (დიალექტოლოგიის ინსტიტუტის) თანამშრომელთა მიერ იმერხევში მოწყობილი ექსპედიციის პერიოდში.
კონფერენცია ჩატარდა იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით.