„სკოლიდან საგზლად წაიღეთ ადამიანისა და სამშობლოს სიყვარული“ - ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს მიმართავს
24-05-2021

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერაგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

ირაკლი აბაშიძის სახელობის, ხონის N3 საჯარო სკოლაშიც გაისმა ბოლო ზარი, კურსდამთავრებულებს სრულიად სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სევდანარევი სიხარულით დაემშვიდობა.

„ყოველთვის, როცა ეს დღე დგება, რაღაცნაირი სევდა მეუფლება. სიხარულნარევი სევდა. რთულია მათთან განშორება, ვინც 12 წლის წინ თვალცრემლიანი ჩაიბარე და შენს თვალწინ შეისხეს ფრთები ასაფრენად! თუმცა ეს ისტორიული კანონზომიერებაა!
მინდა, გზა დაგილოცოთ, ჩემო პატარებო; ჩემთვის პატარებო, ბედნიერი მომავალი მინდა გისურვოთ, წარმატებული იყოს თქვენი ყოველი ნაბიჯი ცხოვრების რთულ გზაზე გადადგმული; მეიმედებით ჩვენი სამშობლოს მომავლად!

სკოლის კედლებიდან საგზლად თან წაიღეთ ადამიანისა და სამშობლოს სიყვარული, ერთგულებისა და სიკეთის კეთების ნიჭი, შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის უნარი. მიყვარხართ“, - ასე ემოციურად და დიდი სიყვარულით გააცილა საკუთარ სკოლაში დაფრთიანებული კურსდამთავრებულები ირაკლი აბაშიძის სახელობის, ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორმა ვერა ბენიძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203