
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის ბოლო ზარი მოკრძალებულად, თუმცა ლამაზად და ემოციურად აღინიშნა. პედაგოგებმა კურსდამთავრებულები სიყვარულით და თბილი სიტყვებით გააცილეს.
„იყო სიხარული და სინანულიც. ყოველთვის, როცა ჩვენს ხელში გაზრდილ ბავშვებს ვუშვებთ სკოლიდან, თითქოს რაღაც ჩვენი სულის ნაწილსაც ვატანთ. მართალია, მხოლოდ სამი მე-12 კლასელი გვყავდა წელს (მარი ქომეთიანი, საბა ნემსწვერიძე, ლუკა ნემსწვერიძე), მაგრამ ეს ბავშვები მთელი სამყარო იყვნენ ჩვენთვის. წარმატებები გვინდა ვუსურვოთ თითოეულ მათგანს. ღირსეულად, ლამაზად გააგრძელონ ცხოვრების გზა. ვიცი, რომ ჩვენ ვიამაყებთ ამ სპეტაკი და ულამაზესი ბავშვებით", - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.