„არ დაივიწყოთ სკოლის ამაგი“ - ქვემო ქედის საჯარო სკოლის პედაგოგი სადამრიგებლო კლასს სკოლის დამთავრებას ულოცავს
21-05-2021
„ბევრი ვერ მოვასწარით, მაგრამ მგონი გასწავლეთ, რატომ არ გელით სკოლიდან გასულებს ია-ვარდით მოფენილი გზა“ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას კლასის დამრიგებელი, რევაზ ბაიაშვილი ემოციური წერილით ულოცავს:

„ჩემს პირველ და განუმეორებელ სადამრიგებლო კლასს- 2021 წლის გამოშვებას!
 
რამდენი სიამოვნება წამართვა კორონამ, თვალი მედევნებინა, როგორ იზრდებოდით და ყალიბდებოდით ფიზიკურად და ზნეობრივად ლამაზ მომავლად!

ბევრი ვერ მოვასწარით, მაგრამ მგონი გასწავლეთ, რატომ არ გელით სკოლიდან გასულებს ია-ვარდით მოფენილი გზა. ძალიან უჭირს დღეს საქართველოს!

ისაც გასწავლეთ, რატომ უნდა გქონდეთ რწმენა, რომ საქართველო გაბრწყინდება- თუ თქვენით ვერა, თქვენი მომდევნო თაობებით მაინც! და როგორები უნდა იყოთ ეს რომ შეძლოთ, მამაო ჩვენოსავით ვიცი და სიამოვნებით გასწავლით თქვენც და თქვენს თანატოლებსაც.
-  ხვალიდან, შენდობითი პოზიცია:  „ბავშვია, ეპატიება!“ მოგეხსნებათ და თქვენს სიტყვა- საქმეს სულ სხვა საწყაოთი შეაფასებენ, განეწყვეთ ამისთვის;
-  ყოველ დილას გაღიმებული შეხვდი- ცხოვრება ტრაგიკომედიაა და დაბოღმვას მრავალგზის მოასწრებ;
-  გახსოვდეს, ღირსების ფასი არაფერია ამქვეყნად და დატენილი დამბაჩა ყოველთვის მზად გქონდეს- ვაითუ მის შელახვას შეურიგდი'
-  ნუ იქნები მასის შემადგენელი ნაწილი, შენ კაცობრიობის 7 მილიარდში ერთადერთი, განუმეორებელი ინდივიდი ხარ, უნიკალური თითების ანაბეჭდით და ბიოგრაფიით;
-  შენს ცხოვრებას ყოველდღიურად ქმნი და დღე დაგეგმე, როგორც მხატვარი გეგმავს შედევრს. ოღონდ გახსოვდეს- მხატვარს შეუძლია ტილოზე შეცდომის გასწორება, ან სულაც, წაშლა, შენ კი უღირსი საქციელი სირცხვილად უნდა ატარო მთელი სიცოცხლე;
-  ცხოვრება ჭადრაკის თამაშს ჰგავს და პაიკი იქნები თუ მეფე, ბოლო ერთია- ყველას ერთ ყუთში ყრიან;
-  თუ სხვებზე აღზევებულს მოგეჩვენა, რომ თავი გამძიმებს, მაინცდამაინც ცოდნას ნუ დააბრალებ- ისე არაფერი ამძიმებს კაცს, როგორც ცარიელი თავი;
-  ბევრი რამის გეშინოდეს- ღმერთის, ღალატის, ახლობლის დაკარგვის, სულაც, ასტეროიდის ჩამოვარდნის, მაგრამ მოქალაქეობრივად ნუ იქნები ლაჩარი;
-  იყავი აქტიური მაძიებელი და ტრაგედიად ნუ აღიქვამ შეცდომას- ღმერთმაც კი დაუშვა შემოქმედების მე 6 დღეს შეცდომა;
-  ყველაფრის შეცვლის უფლება გაქვს შენში- ინტელექტის, გარეგნობის, ზნეობის, მხოლოდ სქესს ნუ შეეხები- ღმერთთან ქიშპობა გადაგიტანს;
-  გიყვარდეს სამშობლო, დღეს აღარ არის საკმარისი; ყველა ის ქვეყანა უნდა გიყვარდეს, სადაც შენი სისხლი და ხორცი შენზე ფიქრობს;
-  "გიყვარდეს მოყვასი შენი და მტერი შენიც" აღარ არის საკმარისი- ზოგადად, ადამიანი უნდა გიყვარდეს;
-  კაცობრიობის სიყვარულიც აღარ არის საკმარისი- ის უნდა გეცოდებოდეს კიდეც, ტექნოლოგიური პროგრესით თვითლიკვიდაციისკენ ჯიუტად მიმავალი;
-  გწამდეს ღმერთი, ოღონდ არა როგორც სამყაროს შემოქმედი, არამედ როგორც კაცობრიობის ზნეობრიობისკენ ადამიანთა მუდმივი სწრაფვის პროდუქტი;
-  პატივი ეცი ქართულ ეკლესიას;  მუხლი მოიყარე ყოველი ტაძრის წინ და კრძალვით შედი შიგ- ისინი განუყოფელნი არიან დიდგორთან, მარაბდასთან, კრწანისთან, ჩვენს მანტალიტეტთან;
-  ნუ ეძებ ბედნიერების გასაღებს ლოცვაში- მხოლოდ შრომით მოპოვებული კეთილდღეობაა საამაყო;
-  კარგად შეისწავლე ადამიანები და ეცადე, ბევრი მეგობარი შეიძინო- თუ ერთმა გაგყიდა, მეორემ უარგყო, მარტო არ დარჩები;
-  თუ სიმდიდრეს შეიძენ, ბედნიერების ეიფორიაში ნუ ჩავარდები- ბევრად მეტს ეძულები, ვიდრე ეყვარები;
-  ნურასდროს დაიჯერებ, რომ სრულყოფილებას მიაღწევ- ეს გვირგვინი ერთადერთია სამყაროში და არასდროს გახდება საკონკურსო;
-  თუ სახელმწიფო ვერ იცავს შენს გვერდით მყოფის უფლებებს, შენც უფლებაშელახულად იგრძენი თავი;
-  ქუჩაში გულუხვად გაეცი მოწყალება და გახსოვდეს- დღეს გაწვდილი ხელი მათხოვრობას არ ნიშნავს;
-  არ დაივიწყო სკოლის ამაგი და მასწავლებლისთვის სითბოს ნუ დაიშურებ- ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარხარ!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203