
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც...
თბილისის N6 საჯარო სკოლამაც გააცილა თავისი მეთორმეტეკლასელები ცხოვრების დიდ ასპარეზზე და წარმატებები უსურვა მათ.
„თბილისის N6 სკოლაში თქვენი ბავშვობის ბოლო ზარი დაირეკება; 21 მაისს კი, თითოეული თქვენგანისთვის სულ სხვა დილა გათენდება; ეს დილა უსაზღვრო შესაძლებლობების რეალიზებისა და ათასგვარი გამოწვევის მარათონის დაწყებას შეგახსენებთ!
თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას გისურვებთ მე-6 სკოლელებო! ნინი ჩემო ლამაზო ანგელოზო, შენც გილოცავ ზეციურ სასუფეველში“, - აღნიშნულია თბილისის N6 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.