
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც...
ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, შუქრუთის N1 საჯარო სკოლაშიც გაისმა ბოლო ზარი მე-12 კლასელებისთვის.
„მართალია სულ რაღაც 2 ბავშვმა დაამთავრა 2020-2021 სასწავლო წელი - ჯული საღირაშვილმა და ნინი ლაბაძემ, მაგრამ ორივე მოსწავლე ოქროს მედლის კანდიდატები არიან და ამასთან ერთად ორივემ არაერთხელ ასახელა შუქრუთის სკოლა სასკოლო თუ სხვა ღონისძიებებში“, - აღნიშნულია შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები