„ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები“ - ცხუნკურის N1 სკოლის XII კლასელებს პირველი მასწავლებელი ნინო ჩირგაძე ემოციური წერილით ემშვიდობება
20-05-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მეთორმეტეკლასელებს გამოემშვიდობნენ და გზა დაულოცეს. მოსწავლეებს სკოლის დამთავრება ემოციურად მიულოცა პირველმა მასწავლებელმა ნინო ჩირგაძემ.

„დღეს საქართველოს ყველა სკოლაში ზარი დაირეკება, რომელიც მე-12 კლასელთათვის არა მარტო  სასკოლო ცხოვრების დამთავრების მაცნეა, არამედ ბავშვობასთან გამომშვიდობების მაუწყებელიც. ეს სკოლა თქვენი სიყრმის და ბავშვობის კერაა. აქედან დაიწყეთ თვალსაწიერის გაფართოება, ახლის შეცნობა.

ცოტაღა დარჩა ბოლო ზარის დარეკვამდე და სამუდამოდ გამოემშვიდობებით სკოლის კედლებს, მერხებს...

სევდანარევი სიხარულით ითვლით ამ დღეებს. გენანებათ ბავშობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება, ამასთანავე გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება. წინ ხომ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად, უფრო მეტი პასუხისმგებლობები გეკისრებათ, ვიდრე აქამდე და უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები გაქვთ გადასალახი.

გიყურებთ დაზრდილებს და გული მიჩუყდება... მინდა ყოველ თქვენგანს მოგეხვიოთ, გისურვოთ წარმატებები თქვენი ცხოვრების გზაზე! ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ, თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია!

მე კი ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები, ჩუმად ვადევნებ თვალს თქვენს წარმატებებს და დავტკბები“, - აღნიშნავს დამამთავრებელი კლასის პირველი მასწავლებელი ნინო ჩირგაძე.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203