გეგელიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო აქტივობები ჩატარდა
06-05-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით თემაზე სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობები მოიცავდა ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში თემაზე - „როგორ უნდა დავიცვათ, ვიზრუნოთ და მოვუაროთ დედამიწას“.

მე-11 კლასის მოსწავლემ, ხატია დიასამიძემ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის წარადგინა პრეზენტაცია, რომელშიც განხილული იყო ნარჩენების მართვა, წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება და შედეგები. პატარებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, თუ რა გზებით უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს ბუნების დაცვაში.

ასევე მე-11 კლასის მოსწავლეებმა თამთა ბერიძემ და მარიამ ბერიძემ ჩაატარეს გამოკითხვა მოსწავლეებსა და მასწავლებლებში გარემოს პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მერაბი ბერიძემ მოსწავლეებთან ერთად მოაწყო დასუფთავების აქცია.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა კი ინტერნეტრესურსის გამოყენებით მოიძიეს ინფორმაცია დედამიწის დღის აღნიშვნისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203