„თაობათა ჭეშმარიტი მოძღვარი აღარ გვყავს“ - სენაკის N2 საჯარო სკოლა პედაგოგ ირინა განგიას გლოვობს
05-05-2021
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს, ირინა განგიას გლოვობს. 

„თითქოს დრო გაჩერდა... დავობლდით... ჩვენი საამაყო კოლეგა, თაობათა ჭეშმარიტი მოძღვარი და ყოველმხრივ გამორჩეული ადამიანი - ირინა განგია აღარ გვყავს!..
მის სათაყვანებელ ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლაში ყველაფერი გაუფერულდა, გაფერმკრთალდა…
არადა, როგორ გვჯეროდა, რომ დაგვიბრუნდებოდა, დიდხანს გვეყოლებოდა, რომ ამ განსაცდელსაც მისეული შემართებით და სიცოცხლის უსაზღვრო წყურვილით დაძლევდა...

განუზომელია მისი უეცარი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი...დავკარგეთ ღვაწლმოსილი პედაგოგი, საუკეთესო ადამიანი და დიდი მეგობარი... ადამიანი, რომელმაც თავისი ცოდნა, უშრეტი ენერგია, გულის სითბო, გამოცდილება და გულწრფელი სიყვარული უშურველად უწილადა მშობლიურ სკოლას, სადაც თავად დაფრთიანდა... თაობებს, ვისთანაც უხაროდა ყოველი ახალი დღის გათენება, მათთან ერთად, კელაპტარივით, ანათებდა და იწვოდა...

მისთვის ცხოვრების მთავარი საზრისი მოსწავლეები იყვნენ, ამიტომაც იყო, რომ ირინა მასწავლებლის ხსენებაზე, მის აღზრდილ თაობებს და პატარა გოგო-ბიჭებს, ღიმილი დაეფინებოდათ სახეზე და ამბობდნენ, - „განსაკუთრებულად გვიყვარსო“.

ჩვენთვის, პედაგოგებისათვის, მისი კოლეგებისთვის, ირინა არა მხოლოდ თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი და წამყვანი მასწავლებელი იყო, არამედ საიმედო და ერთგული მეგობარი...ჩვენო ირინა, ყოველ სექტემბერს, როდესაც სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ზარი დაირეკება, მოსწავლეთა ჟრიამულს, უშენობით გამოწვეული ჩვენი უკიდეგანო ტკივილი შეუერთდება.

სენაკის ერთ ლამაზ სკოლაში დაწყებული ჩვენი მეგობრობა, რომელიც ათეულ წლებს ითვლის, მარადისობაშიც გაგრძელდება.მშვიდობით, ჩვენო მოურეველტკივილიანო მონატრებავ...“, - ვკითხულობთ სკოლის სამძიმარში.

„ეტალონის“ გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ირინა განგიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203