
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე განსხვავებულად აღნიშნეს.
ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ტირუნ მელიქიანმა V კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „როგორ გადავარჩინოთ დედამიწა“. მისივე ხელმძღვანელობით V-VIII კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პოსტერები დაამზადეს და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარადგინეს, სადაც დღევანდელი ეკოლოგიური პრობლემები განიხილეს. მოსწავლეებმა მდგრადი განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მათ ნახატების გამოფენაც მოაწყვეს.
ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებლის, ნინელი გოგოლაძის ხელმძღვანელობით X-XI კლასებში გაიმართა საუბრები თემაზე: „გადავარჩინოთ დედამიწა!“ მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, თუ სად და როგორ აღნიშნავენ დედამიწის დღეს, მოამზადეს პრეზენტაციები ეკოლოგიაზე, მსოფლის კატაკლიზმებზე და ბრაკონიერებზე. მათ ერთობლივად შეიმუშავეს გეგმა, თუ როგორ დაიცვან დედამიწა განადგურებისაგან, ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის გზებზე, დაამზადეს ბუკლეტები და მოიფიქრეს სლოგანები.
იხილეთ ფოტოები