„ენა დედაა ერისა“ - კალის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
17-04-2021

14 აპრილს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება -  „ენა დედაა ერისა“ გაიმართა.

როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება მიზნად ისახავდა:

1. მოსწავლეთა ინფორმირებულობას 1978 წლის მოვლენებზე - ქართველი ხალხის მასშტაბურ პროტესტზე საქართველოში სახელმწიფო ენად უცხო სახელმწიფოს ენის დაკანონების მცდელობასთან დაკავშირებით და ამავე წლის 14 აპრილს მიღწეულ გამარჯვებაზე, რომლის შედეგადაც საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული ენა დარჩა;

2. ქართული ენის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს ისტორიაში.

მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა: მოიძიეს ინფორმაცია 1978 წლის აპრილის მოვლენებზე; გაეცნენ დამატებით რესურსს - იოანე ზოსიმეს ჰიმნოგრაფიულ თხზულებას - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“; დაამზადეს პლაკატები; პატარებმა ისწავლეს ლექსები დედა ენასთან დაკავშირებით.

ღონისძიებაზე მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას მოუყვნენ საქართველოს ახალი ისტორიის იმ ბრწყინვალე ფურცელზე, რასაც 1978 წლის 14 აპრილი ჰქვია; შეაფასეს იმ რთულ პერიოდში საქართველოს კომუნისტური ხელისუფლების მხარდაჭერა ქართველთა მოთხოვნისთვის, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართულის დაკანონებასთან დაკავშირებით და ხელისუფლების ასეთ ნაბიჯს ღირსეული უწოდეს; ისაუბრეს ქართული საზოგადოებისათვის ქართული ენის მნიშვნელობაზე და მის დამსახურებაზე ქვეყნის ისტორიაში; მხატვრული ხერხებით წაიკითხეს შესაბამისი თემატიკის ლექსები.

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეთა გარდა ესწრებოდნენ: მასწავლებლები, დირექცია და თემის წარმომადგენლები, რომლებმაც მოიწონეს მოსწავლეთა მომზადებისა და წარმოჩენის დონე.

ღონისძიების ხელმძღვანელი: მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ტერუნაშვილი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203