
14 აპრილთან დაკავშირებით, ყოველ წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ტყემლოვანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.ამასთან, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გამოცხადებული იყო სკოლის მოსწავლეთა კონკურსი – „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!", სადაც გამოვლინდა გამარჯვებული - მეცხრე კლასის მოსწავლე ნათია ჩინჩალაძე.
ასევე მოეწყო „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ლიტერატურა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ; გარდა ამისა, გამოფენილი იქნა სკოლის მოსწავლეთა მიერ გამოცემული გაზეთის ნომრები, სადაც საუბარია მშობლიური ენის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამასთან, ცნობილი ქართველი პოეტების „დედაენისადმი" მიძღვნილი ლექსები.
კვირეული დაგვირგვინდა დაწყებითი კლასების მასწავლებლების: მარინე, მზია და ინგა ცუცქირიძეების მიერ მომზადებული მხატვრულ-ლიტერატურული-კომპოზიციით: „ო, ენავ ჩემო".მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დედაენას და ერთხელ კიდევ აღნიშნეს, რომ ესაა განძი, რომელიც ქართველ კაცს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება.
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.