
ცაგერის მუნიციპალიტეტის აღვის საჯარო სკოლაში, ქართული ენის მასწავლებლის ზეინაბ ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღე აღნიშნეს.
„მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ამ დღის მნიშვნელობაზე. გაიხსენეს სხვადასხვა პოეტებისა და მწერლების - ლ.ასათიანის, გ. აბაშიძის, მ. ლეონიძის, მ. მაჭავარიანის, ი. ჭავჭავაძის ლექსები და გამონათქვამები დედაენასთან დაკავშირებით. მათი ძირითადი დევიზი იყო, ილიას მოწოდება - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელსაც დაიცავენ სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები