
თბილისის N136 საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
სკოლის კლუბმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კუთხე მოაწყვეს.
„9 აპრილი - სისხლიანი და ცრემლიანი დღე საქართველოს ისტორიაში.
დღე, როცა ერი და ბერი ერთ მუშტად იყო გაერთიანებული ერთადერთი მიზნით: თავისუფლება მამულს, ენასა და სარწმუნოებას.
ჩვენმა კლუბმა გმირთა პატივსაცემად მოსახსენიებელი კუთხე მოვუწყეთ გმირებს და მოსწავლეებს ვთხოვეთ თავიანთი „ავტოგრაფი“ დაეტოვებინათ მათთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.
32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.
2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტო