საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები „დედამიწის საათს“ შეუერთდნენ
29-03-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები 27 მარტს, გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათს“ შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში მოსწავლეებს პედაგოგი ესაუბრა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების მოსალოდნელ შედეგებზე, ბუნების დასაცავად ინდივიდუალური ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

დაწყებითი საფეხურის V-VI მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები, საინფორმაციო ბუკლეტები, რითაც მოუწოდეს სკოლის საზოგადოებას, ოჯახის წევრებს, თანასოფლელებს ერთი საათით, 20:30 -დან 21:30- საათამდე უარი ეთქვათ ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამ ქმედებით სიმბოლურად გამოეხატათ მათი ერთგულება დედამიწისადმი.

ღონისძიება, სახელად „დედამიწის საათი“, მსოფლიოში ყოველწლიურად მარტის თვეში ტარდება. მისი ორგანიზატორია WWF (World Wildlife Fund) – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი. „დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს, ავსტრალიაში, სიდნეიში გაიმართა. მოგვიანებით, ინიციატივა გლობალურ მოძრაობად ჩამოყალიბდა და მთელი მსოფლიო მოიცვა.

იგი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203