„ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს, გავერთიანდით მათი მომავალი წარმატებისათვის“ - ვანის N1 სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
26-03-2021

ვანის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.

„ოცნებების ასახდენად მუდამ გჭირდება ერთგული მეგობრები და მათი მხარდაჭერა...რომ არა მედიჩების ოჯახი, მეეჭვება მიქელანჯელოსა  და ლეონარდო და ვინჩის საუკუნეების განმავლობაში ჩვენი შთაგონება შეძლებოდა, ვერც დიდი კოლუმბი აღმოაჩინდა ამერიკას, რომ არა მეფისა და დედოფალ იზაბელის მხარდაჭერა... სწორედ ამიტომ...#ჩვენვაკავშირებთ - გავიმეორეთ წლევანდელი მსოფლიო გზავნილი და 21 მარტის კვირეულის ყველა აქტივობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების  განვითარების, შესაძლებლობებისა და პრობლემების ირგვლივ გვაერთიანებდა.

გზავნილს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ის ყოველთვის მოისაზრებს გასული წლის მოვლენებსა და მომავალი წლის გეგმებს, რის გარშემოც ვერთიანდებით, თუ რამდენიმე წლის წინ ჩვენი მიზანი იყო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მიმდინარე წელს მთავარი მიზანია ამ ადამიანების პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა.

ამიტომ ნაცვლად ქრომოსომების დათვლისა, ჩვენ ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს, გავერთიანდით მათი მომავალი ღირსეული წარმატებისათვის, განათლებისათვის, წინსვლისთვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რათა მათ შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია ...რადგან ვთვლით, რომ სწორედ ასეთი ადამიანები აყალიბებენ ჭეშმარიტ საზოგადოებას, ისინი იმსახურებენ ღირსეულ თანაცხოვრებას ჩვენს გვერდით..#პატარახელებითდახატულიდიდისიყვარული - ასე დავარქვით გამოფენას, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული თითქმის ყველა კლასი ... მოეწყო ვიდეო რგოლის ჩვენებაც - #ჩვენვმონაწილეობთჩვენვცვლით...

ამ ვიდეო რგოლის მეშვეობით დავითვალეთ ის სიკეთეც, რომლის მოტანა ამ ადამიანებს შეუძლიათ ჩვენთვის, თუკი მათ მივცემთ ჩვენს გვერდით სრულფასოვნად თანაარსებობის საშუალებას.

და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ვანის N1 საჯარო სკოლის დირექციას ამავე სკოლის თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგებს და ამ ღონისძიების სულის ჩამდგმელსა და ორგანიზატორებს - ხელოვნების პედაგოგებს - ელისო გერსამიას, ნათია მერკვილაძესა და თეონა ჯულაყიძეს...წინ უკეთესი დღეები გველის მეგობრებო!“-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203