საგვაზავოს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს
24-03-2021
25 თებერვალს, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

სკოლაში მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია და იმდროინდელ მოვლენებზე ისაუბრეს.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

საბჭოთა ოკუპაციას ეძღვნება ცნობილი, ქართველი, სიმბოლისტი პოეტის, კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსიც:

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203