მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა სოფლად არსებულ უფუნქციო შენობაში კინოკლუბი და ბიბლიოთეკა გახსნეს
18-03-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა სოფლად არსებულ უფუნქციო შენობაში კინოკლუბი და ბიბლიოთეკა გახსნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კინოკლუბისათვის საჭირო ტექნიკა გუნდმა მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში შეიძინა (გრანტი 2900ლ.), ხოლო ბიბლიოთეკისათვის წიგნები „მომავლის ფერმერის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ მოპოვებული 900-ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერით იყიდეს მოსწავლეებმა.

„რაც შეეხება კარადებს წიგნებისათვის, მოსწავლეებმა ისინი მეორეული მერხებისგან დაამზადეს. აღნიშნულ შენობაში უკვე იმართება კინოჩვენებები. სივრცე ეთმობა, აგრეთვე, ტრენინგსა  და შეხვედრებს. შენობით სარგებლობენ დიასახლისი ქალები, რომლებსაც ფონდ „ტასოს“ შუამავლობით არაერთ ორგანიზაციასთან ჰქონდათ შეხვედრა. აღნიშნულ სივრცეში მოსწავლეებსა და დიასახლისებს დეკორატიული მცენარეების ასოციაცია სხვა ორგანიზაციებთან ჩართულობით ასწავლის უვნებელი პროდუქტის მოყვანასა და ნიადაგის მოვლას. გარდა იმისა, რომ ქალები საკუთარ სათბურებში დაიწყებენ უვნებელი პროდუქტის წარმოებას, ეკოკლუბის წევრები ასოციაციასთან თანამშრომლობით სკოლის ტერიტორიაზე მოაწყობენ სადემონსტრაციო ნაკვეთს, სადაც ისეთი მცენარეები განთავსდება, როგორიცაა: სატაცური, ბამია, რუკოლა და სხვა. სადემონსტრაციო ნაკვეთში მოყვანილი ბოსტნეული გაიყიდება და ქველმოქმედებას მოხმარდება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203