„ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისა და გამოწვევებისთვის“- ლეილა წიკლაური, წალკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
12-03-2021
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში წალკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა წიკლაური პასუხობს. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .
- ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისა და გამოწვევებისთვის, რათა ვიპოვოთ სწორი გამოსავალი ერთმანეთის მხარდაჭერით. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 
- ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ აამაღლა ციფრულ ტექნოლოგიებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ცოდნა. მასწავლებლებს განუვითარა კომპიუტერული უნარ-ჩვევები, გვასწავლა ონლაინ სწავლების სხვადასხვა პლატფორმები. დაგვანახა ამ კუთხით არსებული სირთულეები (მათ შორის მატერიალური) და გვასწავლა მათი დაძლევის გზები.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 
- მოულოდნელობების, მორალური და ფიზიკური გამძლეობის, გამოწვევებთან ბრძოლის, ერთმანეთთან თანადგომის, დაუღალავი შრომის და მონდომების წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 
- მოსწავლეებისადმი გამოხატული სითბო, სიყვარული, კომუნიკაბელურობა, სიახლეების მიმღებლობა, მათი დანერგვა მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ურთიერთსწავლება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 
- ყოველთვის მზად არიან სირთულეების დასაძლევად, არ უშინდებიან პრობლემებს. მიკვირს კი არა, უფრო მიხარია ადამიანური ურთიერთობების, პიროვნული თავისუფლების დაფასება და აღიარება, თანადგომა, პატივისცემა.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 
- მოუსმინონ შვილებს, პატივი სცენ მათ არჩევანს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ მათი აზრი.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მსოფლიოში იყოს მშვიდობა. მომავალმა თაობამ იცხოვროს ერთიან, ეკონომიურად ძლიერ ქვეყანაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203