„მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია წარმატებებს რომ აღწევენ“ -  იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ბერძენაშვილი
25-02-2021

თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ლევან ბერძენაშვილი ბილც - ინტერვიუში გულახდილად საუბრობს რა უკვირს და რა უხარია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან, რა დაანახა პანდემიამ და როგორ იყო 2020 წელი მისი თვალთახედვით.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- ზოგიერთი დაავადების გართულება სიცოცხლის დაკარგვას იწვევს, ამიტომ რეკომენდაციები სრულყოფილად უნდა სრულდებოდეს. მოსახლეობის ინფორმაცია ნაკლებია და ეს ქმედებაშიც ვლინდება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ სკოლები მზად არ იყვნენ პანდემიისთვის, მასწავლებელთა ნაწილი სათანადოდ ვერ ფლობს საინფორმაციო ტექნოლოგიებს. 2-3 დღიანი კურსები ბევრისთვის არაფრის მომცემია. მოსწავლეთა  ნაწილის ოჯახები ინტერნეტს და კომპიუტერს არ ფლობს. შესაბამისად მოსწავლეები ონლაინ სწავლებაში ნაკლებად ერთვებიან.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ძალიან მძიმე, ცუდ წლად ყველა მიმართულებით: დიდი დარტყმა მიიღო ეკონომიკამ. გაიზარდა საგარეო ვალი, ბევრი ოჯახი გაღატაკდა, გაიზარდა უმუშევართა რიცხვი და სხვა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- თავიანთ საგნებში წარმატებებს რომ აღწევენ, ჰყავთ კარგი მოსწავლეები. მომზადების ხარისხი მაღალია, ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე. განვითარებული აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, მათი მიზეზით ნაკლებად ვიღებ ზემდგომი ორგანოებიდან შენიშვნებს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რატომ უნდა ბევრს ონლაინ სწავლება. კონტაქტური სწავლება ხომ უფრო პროდუქტიულია, რა ნახეს ტელეფონებში? რატომ არ უყვართ კითხვა? და სხვა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტად აკონტროლონ შვილები. რა მოაქვთ სკოლაში. აკრძალული ნივთები არ გამოატანონ, ყურადღებას ნუ აკლებენ შვილებს, თავხედს ნუ ზრდიან, მეტი დრო დაუთმონ შვილების ზნეობრივ აღზრდას.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- სკოლამ საკუთარი საქმე აკეთოს, არ დაიტვირთოს არასასწავლო საქმეებით. დაფინანსება განხორციელდეს ისე, რომ სკოლამ თვითონ მოაგვაროს წამოჭრილი პრობლემები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203