
2021 წლის 23 თებერვალს აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრების (ინგა თოდუა-ისტორია; ირინე ჯოლოგუა-სამოქალაქო განათლება; ფლორა კვარაცხელია-გეოგრაფია) ორგანიზებით მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც აუდიტორიაში და ასევე პარალელურად ონლაინ ფორმატში ესწრებოდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგები.
„მოხსენებაში ისტორიის პედაგოგმა ინგა თოდუამ, ყურადღება გაამახვილა ოკუპაციასა და მის შედეგებზე. ისაუბრა ქართველი იუნკერების და იმ ათასობით სამშობლოს სიყვარულით გულანთებული გმირების შესახებ, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს საქართველოში შემოჭრილ მეთერთმეტე წითელ არმიას და სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ამავდროულად, დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვირეულის ფარგლებში სამოქმედო გეგმა.
საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მინი ლექციის ფორმატში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირინე ჯოლოგუა, რომელმაც ისაუბრა კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, მის უზენაესობაზე და დაცვაზე. პედაგოგმა ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციის ძირითად ნაწილზე, რომლის განხილვაში მონაწილეობა მოსწავლეებმაც მიიღეს.
ამავე შეხვედრაზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი „1921 წელი-იუნკერები და საქართველოს გასაბჭოება". ამავე დროს, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა თვალყური ედევნებინათ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ქრონოლოგიისთვის სლაიდების საშუალებით. ფილმის ნახვის შემდგომ დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა იმ ემოციებზე, რაც მათ იხილეს ფოტო თუ ვიდეო დოკუმენტური კადრების ხილვისას. ოკუპაციის ამსახველი მასალა ეხებოდა საყოველთაოდ ცნობილ და ისტორიოგრაფიაში ფართოდ გაშუქებულ მოვლენებს.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექცია. ორგანიზატორებმა შეხვედრის დასასრულს ამომწურავად უპასუხეს მოსწავლე/პედაგოგთა შეკითხვებს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: