
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ერტისის საჯარო სკოლაში, საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს მოსწავლეებმა ნახატები მიუძღვნეს და ასე გამოხატეს პროტესტის ანექსიის მიმართ.
„თბილისს დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი...“ - ასე აღწერს 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი გივი ღამბაშიძე 1921 წლის 25 თებერვლის პირველ წუთებს, როცა ეს-ეს არის შეიტყო სარდლობის გადაწვეტილება, თბილისის დატოვების შესახებ. არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, 25 თებერვლის დადგომამდე, თანამებრძოლებთან ერთად, სულგანაბული ელოდა სამშობლოსათვის თავგანწირვის დიად მომენტს, როცა სანგარში ჩამჯდარს, თითები სველ ჩახმახზე ეყინებოდა და თოვლის ფიფქები თვალებში უვარდებოდა. თავდაპირველად, ოფიცრის ბრძანება - ამოსულიყვნენ სანგრებიდან, შეტევაზე გადასვლის წინაპირობად მიიჩნია, თუმცა მალევე, სოღანლუღის ხიდის აფეთქების შემდეგ, მიხვდა რაშიც იყო საქმე: „ამ წამიდან როგორც ჩვენი სამშობლო, საქართველო, ისე ქართველი ერი სამუდამოდ დაიღუპა, ჩარხი უკუღმა გადატრიალდა, საქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრა, თეთრი მერანი უფსკრულში გადავარდა''.