ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი
23-02-2021

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

„ძნელია ერთ ამბავში ჩავტიო, მაგრამ უნდა ვცადო... ჩვენი სკოლის მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეები ჩართულნი არიან საერთაშორისო პროექტებში etwinning-ის პლატფორმის გამოყენებით, რომელიც მათ აძლევს საშუალებას იმუშაონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად.

ბავშვები რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ თანატოლებთან ერთად. ერთ-ერთი პროექტი „მედიაწიგნიერებაა“, რომელიც დაეხმარება და დაიცავს მოსწავლეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უარყოფითი ზეგავლენისგან. ისინი გაეცნობიან სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებს რომლებიც დაეხმარება მომავალში სწორი, გადამოწმებული ინფორმაციის მიღებაში.

მეორე პროექტი რომელშიც ჩართულნი არიან მეოთხე კლასის მოსწავლეები წარმოადგენს საგანმანათლებლო თამაშებს, კერძოდ, მათ უნდა მოიფიქრონ, შექმნან და ერთმანეთს გაუზიარონ იდეები სასწავლო თამაშებთან დაკავშირებით, აღნიშნულ პროექტში ვმონაწილეობთ აზერბაიჯანელ, თურქ, ბულგარელ და იტალიელ თანატოლებთან ერთად.

კიდევ ერთი პროექტის, რომელშიც მე-2 ბ კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი, მთავარი მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ დააკვირდნენ მცენარეთა აღმოცენებისა და ზრდის სხვადასხვა ეტაპებს. აღწერონ და გადმოსცენ ინგლისურ ენაზე.

ვამბობდით და კიდევ ვიტყვით, რომ ნებისმიერი პროექტის მთავარი მიზანია აკადემიური ცოდნის მიღებასთან ერთად, მოსწავლეებს განუვითაროს უნარ-ჩვევები. ზემოთ ჩამოთვლილი პროექტები ბავშვებს უვითარებს პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღების, მსჯელობის, დისკუსიის, სწრაფი და ლოგიკური აზროვნების უნარებს, ამავე დროს მათ ინგლისურ ენაზე თავდაჯერებულად საუბრის უნარს მატებს.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტია რომ მოსწავლეები ჩართულნი არიან კულტურათა შორის დიალოგში, რაც 21-ე საუკუნის მოქალაქის აუცილებელი მახასიათებელი უნდა იყოს.

ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი ჩვენი ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო თუთისანია. მადლობა ნინო მასწავლებელს და მის პატარებს აქტიურობისთვის, სიახლეების ძიებისთვის და უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ ღირსეულად წარადგენენ ჩვენს სკოლას და ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203